11.20.2011

შეგრძნება

 ფსიქიკურ სინამდვილეში გამოყოფენ ფსიქიკურ პროცესებს, თბისებებს, ფსიქიკურ მდგომარეობებს და ქცევებს. შეგრძნება არის ფსიქიკური პროცესი. პირველად ეს ტერმინი პროცესად არისტოტელემ მიიჩნია. 1785 წლს კი იგი აღქმისაგან გამოყო თომას რიდმა.
 შეგრძნება არის ფსიქიკური პროცესი, რომლის მეშვეობით ცოცხალი ორგანიზმი ღებულობს ინფორმაციას გარე სინამდვილისა და საკუთარი სხეულის მდგომარეობის შესახებ.
  ფსიქიკურ პროცესთა შორის შეგრძნება არის პირველადი პროცესი, რომელსაც ეფუძნება სხვა, უფრო მაღალი რანგის ფსიქიკური სინამდვილე. შეგრძნება წარმოადგენს საგნების, მოვლენების და ოგანიზმის შინაგანი მდგომარეობის სუბიექტურ ასახვას. შეგრძნების უნარი გააჩნია ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მაგრამ შეგრძნების მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას აცნობიერებენ მხოლოდ ის არსებები, რომლებსაც გააჩნიათ თავის ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა. 
 ჩვენ შევიგრძნობთ მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს ფიზიკური სამყაროდან  მომდინარე ენერგიიდან. ჩვენ ვეძებთ და აღმოვაჩენთ სიგნალებს, რომლებსაც აქვთ გარემოსთან შეგუებისთვის არსებითი მნიშვნელობა. 
 როგორ აღმოცენდება შეგრძნება? ამისათვის ადამიანს გააჩნია გრძნობის ორგანოები, რომლებიც გარე ზემოქმედებას გარდაქმნიან ინფორმაციის მატარებელ სიგნალებად და მიაწოდებენ ტვინს. მაგრამ როგორ გარდაიქმნებიან გრძნობის ორგანოებზე მომქმედი გამღიზიანებლები ტვინისთვის გასაგებ სიგნალებად? როგორ ჩნდება ტვინში წარმოდგენები გარე სამყაროს საგნების და მოვლენების შესახებ? - ამ კითხვებზე გაცემას ცდილობს კოგნიტური ფსიქოლოგია.
შეგრძნების აღმოცენების ეტაპები:
არაფსიქიკური სინამდვილე ფსიქიკურად გადაიქცევა შეგრძნების საშუალებით. შეგრძნებაში გამოიყოფა რამდენიმე ეტაპი, რომლებიც აუცილებელია ასეთი გარდაქმნისათვის. გუსტავ ფეხნერრმა პირველმა მოგვცა ფსიქიკური ხატის წარმოშობის მოდელი:

გაღიზიანება --> აგზნება   -->   შეგრძნება  -->  მსჯელობა
 ფიზიკა         ფიზიოლოგია       ფსიქოლოგია        ლოგიკა


შეგრძნება, როგორც ფიზიკური პროცესი: შეგრძნება აღმოცენდება ორგანიზმის გარეთ არსებული ფიზიკური ობიექტიდან მომდინარე ენერგიის გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედების შეგეგად.  ობიექტიდან მომდინარე ფიზიკურ ენერგიას უწოდებენ გამღიზიანებელს. როგორც კი გამღიზიანებელი შეეხება რომელიმე გრძნობის ორგანოს ნერვულ დაბოლოებებს, რეცეპტორებს, იგი გადაიქცევა სტიმულად და გამოიწვევს რეცეპტორის აგზნებას. ობიექტიდან მომდინარე ენერგიას გააჩნია გარკვეული სიძლიერე (ინტენსივობა) და ასევე დროით-სივრცითი პარამეტრები, რომლებიც შეიძლება გაიზომოს. ამრიგად, რეცეპტორზე გამღიზიანებლის ზემოქმედება და მისი გაღიზიანება არის შეგრძნება, როგორც ფიზიკური პროცესი.

შეგრძნება, როგორც ფიზიოლოგიური პროცესი: რეცეპტორის გაღიზიანება წარმოშობს ნერვულ იმპულსს, რომელიც აფერენტული(ცენტრისკენული) ნერვული სისტემის მეშვეობით გადაეცემა ტვინის სათანადო ცენტრს, რომელიც ტვინის დიდ ნახევარსფეროში მდებარეობს. რეცეპტორი და მისი შესაბამისი ცენტრი წარმოადგენენ ერთიან სისტემას, რომელსაც პავლოვმა უწოდა ანალიზატორი, რადგან სწორედ ანალიზატორი ღებულობს პირველად ინფორმაციას გამღიზიანებლის შესახებ და ახდენს მის ანალიზს. ამრიგად, ფიზიკური სიგნალი გადაიქცევა სტიმულად და ზემოქმედებს სათანადო ანალიზატორზე, ამის შედეგად წარმოიშობა შეგრძნება. 

შეგრძნება, როგორც ფსიქიკური პროცესი: აგზნება, რომელიც გამტარი ნერვებით ტვინს გადაეცემა, თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში წარმოშობს ფსიქიკურ ხატს, ანუ შეგრძნებას, როგორც ფსიქიკურ პროცესს. საგნის ხატი ჩნდება ჩვენს თავში, სათანადო ნახევარსფეროს სათანადო ცენტრში. მასში ასახულია ჩვენს გარეთ არსებული საგნის თვისებები, მისი დროით-სივრცითი პარამეტრები, მაგრამ არა თვით საგანი, როგორც ჩვენს გარეთ და დამოუკიდებლად არსებული. 


გარემოში მრავალი გამღიზიანებელია, მაგრამ ყველა მათგანი როდი იწვევს შეგრძნებას. ამიტომ არსებობს შეგრძნების ზღურბლის ცნება.
 ქვედა (მინიმალური) ზღურბლი არის გამღიზიანებლის ის მინიმალური ინტენსივობა, რომელიც იწვევს უსუსტეს შეგრძნებას. მისი სიდიდე სპეციფიკურია შეგრძნების თითოეული მოდალობისათვის. 
ზედა(მაქსიმალური) ზღურბლი არის გამღიზიანებლის ის მაქსიმალური ინტენსივობა, რომლის შემდეგი ზრდა აღარ იწვევს შეგრძნების ინტენსივობის მატებას. 
სხვაობის, ანუ დიფერენციალური ზღრუბლი არის მინიმალური სხვაობა გამღიზიანებლის ორ ინტენსივობას შორის, რომელსაც ადამიანი შეიგრძნობს. იგი გვიჩვენებს, რამდენი უნდა დაემატოს უკვე არსებული გამღიზიანებლის ინტენსივობას, რათა მოიმატოს შეგრძნების ინტენსივობამ. ეს ზღურბლიც სხვადასხვა მოდალობის შეგრძნებისათვის სხვადასხვაა.

შეგრძნებათა კლასიფიკაცია

შეგრძნებების კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ორი პრინციპი: სისტემატიკური და გენეტიკური. სისტემატიკური კლასიფიკაცია შემოგვთავაზა ჩ. შერინგტონმა. კლასიფიკაცია ეფუძნება გრძნობის ორგანოთა რეცეპტორების მდებარეობას. ამის მიხედვით გამოიყოფა სამი სახის შეგრძნება: ექსტეროცეპტული. პროპრიოცეპტული და ინტეროცეპტული შეგრძნებები.
ექსტეროცეპტული შეგრძნებები შედარებით დიდ ჯგუფს შეადგენს და მოიცავს დირითად შეგრძნებათა ხუთეულს. რეცეპტორები, რომელთა გაღიზიანების მეშვეობით შეგრძნება აღმოცენდება, განლაგებულია კანის ზედაპირზე. ექსტეროცეპტულ შეგრძნებებში გამოყოფენ კონტაქტურ და დისტანტურ შეგრძნებებს. კონტაქტური შეგრძნება აღმოცენდება ობიექტის რეცეპტორზე უშუალო შეხების შედეგად. დისტანტური შეგრძნებისთვის ობიექტთან უშუალო კონტაქტი არაა საჭირო, რადგან რეცეპტორები რეაგირებენ გამღიზიანებელზე, რომელიც მოდის გარკვეული მანძილით დაშორებული ობიექტიდან. ზოგიერთი შეგრძნება შეიძლება კონტაქტურიც იყოს და დისტანტურიც, მაგალითად სუნის შეგრძნება.
ინტეროცეპტული შეგრძნებები. ესენი ძირითადად ორაგნული შეგრძნებებია: ტკივილის, შიმშილის, წყურვილის, ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობის და ტემპერატურის შეგრძნებები. ისინი წარმოადგენენ შეგრძნებათა შედარებით ძველ და ელემენტარულ ჯგუფს. ინტეროცეპტული შეგრძნებებით ადამიანი ღებულობს ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაშია ორგანიზმი, ხომ არ აკლია სითხე ან საკვები, ხომ არ ემუქრება გაციება ან გადახურვება და ა.შ. მათ არ გააცნიათ გრძნობის სპეციფიკური ორგანო და ისინი ნაკლებად შესწავლილია, ვიდრე ექსტეროცეპტული შეგრძნებები, ამიტომ ზოგჯერ მათ "ადამიანების ბნელ გრძნობათა" სფეროსაც მიაკუთვნებენ. ისინი დიდ როლს თამაშობენ სამედიცინო დიაგნოზის დასმისას და ასევე ფსიქოლოგიური ანალიზისას.
პროპრიოცეპტული შეგრძნებები. ეს შეგრძნებები ასახავენ ადამიანის მოძრაობას, მდებარეობას და წონასწორობას სივრცეში. მისი გამომწვევი რეცეპტორები მოთავსებულია კუნთებში, მყესებსა და ყურის ვესტიბულარულ აპარატში. პროპრიოცეპტული შეგრძნების როლი გადამწყვეტია ადამიანის მიერ ნებისმიერი მოძრაობის შესრულებისა და წონასწორობის შენარჩუნებაში. პროპრიოცეპტული შეგრძნებები თავის მხრივ იყოფა კინესთეტიკურ (მოძრაობის) და სტატიკურ (სხეულის მდგომარეობის) შეგრძნებებად. 
 არსებობს ისეთი შეგრძნებაც, რომელსაც ვერ მივაკუთვნებთ ვერცერთ ჩამოთვლილ ჯგუფს. ესაა ვიბრაციის შეგრძნება. იგი ინტერმოდალური ბუნებისაა, ანუ აღმოენდება სხვადასხვა მოდალობის შეგრძნების საფუძველზე. მის აღმოცენებაში დიდ როლს თამაშობს კონტაქტური შეხების შეგრძნება და ასევე სმენის შეგრძნება. თუმცა ფსიქოლოგები თვლიან, რომ ვიბრაციის შეგრძნებაში ადამიანის მთელი ორგანიზმი მონაწილეობს, როცა იგი ეხება ვიბრირებულ საგანს, ან იმყოფება მის მახლობლად.
 შეგრძნებათა კლასიფიკაცია სხვაგვარადაცაა შესაძლებელი - გრძნობის ორგანოთა შესატყვისად, ანუ მოდალობის მიხედვით.

კონსპექტი წიგნიდან "კოგნიტური ფსიქოლოგია" ავტ. მარინა კაკიაშვილი

კოგნიტური მოდელები

 კონცეპტუალური მეცნიერებები და მათ შორის კოგნიტური ფსიქოლოგიაც, მეტაფორული ხასიათისაა.  მოდელის შექმნის ერთ-ერთი ამოცანაა, უკეთესად გავიგოთ ის, რასაც დავაკვირდით. მოდელები ეფუძნება დაკვირვების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს. მათი ამოცანაა დაკვირვებული მოვლენის გასაგები რეპრეზენტაცია და წინასწარმეტყველება. განვიხილოთ რამდენიმე მოდელი:
 დავიწყოთ იმ მოდელით, რომელიც მთელ კოგნიტურ პროცესებს ყოფს სამ ნაწილად: სტიმულის აღმოჩენა ---> გარდაქმნილ სტიმულთა შენახვა ---> საპასუხო რეაქციების შემუშავება. ეს მოდელი S --> R მოდელის მსგავსია და წარსულში ხშირად გამოიყენებოდა. მასში დეტალები არ არის წარმოდგენილი და ამიტომაც დიდად არ ამდიდრებს ჩვენს ცოდნას კოგნიტური პროცესების შესახებ, ასევე უძლურია, წარმოშვას ახალი ჰიპოთეზები, ან იწინასწარმეტყველოს ქცევა.
 ერთ-ერთი პირველი და ხშირად გამოყენებადი მოდელი ეხება მეხსიერებას. 1890 წელს უ. ჯემსმა გააფართოვა მეხსიერების ცნება. მან იგი დაყო "პირველად" და "მეორად" მეხსიერებად. იგი ვარაუდობდა, რომ პირველადი მეხსიერება ეხება მიმდინარე მოვლენებს, ხოლო მეორადი - მოგონებებს, ჩვენი გამოცდილების "წარუშლელ" კვალს.ეს მოდელი ასე გამოიყურება: სტიმული შედის სენსორულ საცავში, შემდეგ გადადის ხანმოკლე მეხსიერებაში, ხანმოკლე მეხსიერებიდან ან დავიწყებული ინფორმაცია ხდება, ან, საჭიროების შემთხვევაში, გადადის ხანგრძლივ მეხსიერებაში. ხანგრძლივი მეხსიერებიდან რაიმე მიზეზის გამო ხდება ამ ინფორმაციის ამოღება, ანუ მოგონება, გადმოდის ისევ ხანმოკლე მეხსიერებაში და იძლევა საპასუხო რეაქციას. ამის შემდეგ ან მეორდება იგივე პროცესი და თავიდან გადადის სტიმული ხანგრძლივ მეხსიერებაში, ან გადადის დავიწყებულ ინფორმაციაში.

ჩვენი კონცეპტუალური მეტაფორებით, როგორი მარტივი მოდელების სახითაც არ უნდა წარმოვადგინოთ ისინი, კოგნიტური ფსიქოლოგიის რთულ სფეროს ამომწურავად მაინც ვერ ავხსნით, ეს შეუძლებელია ( ასე ფიქრობს მარინა კაკიაშვილი).


კონსპექტი წიგნიდან "კოგნიტური ფსიქოლოგია" ავტ. მარინა კაკიაშვილი

კონცეპტუალური მეცნიერებები და კოგნიტური ფსიქოლოგია

 "კონცეპტუალური მეცნიერება" ზოგადი ცნებაა, ტერმინი "კოგნიტური მოდელი" მის ცალკე კლასს აღნიშნავს. კოგნიტური მოდელი ეფუძნება დაკვირვებებს და დასკვნებს. იგი აღწერს, თუ როგორ ვპოულობთ ინფორმაციას, როგორ შევინახავთ და გამოვიყენებთ მას. მეცნიერმა შესაძლოა შეარჩიოს კარგი მოდელი, თუმცა მეორე მეცნიერმა დაამტკიცოს, რომ ეს მოდელი არაა სწორი და მოითხოვოს მისი შეცვლა, ან საერთოდ უარყოფა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოდელი უსარგებლოა, ზოგჯერ ასეთი მოდელი ძალიან სასარგებლოა.
 ექსპერიმენტისა და დაკვირვების საფუძველზე ახალი ცნებების აღმოცენება მეცნიერების განვითარების მანიშნებელია. კოგნიტური მოდელები, ისევე, როგორც კონცეპტუალური მეცნიერებების სხვა მოდელები, დაკვირვების შედეგია. თუმცა, ამავე დროს, თვით ეს მოდელები განაპირობებენ დაკვირვებას და წარმოადგენენ დაკვირვების განმსაზღვრელ ფაქტორებს.
 საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მატერია შედგება ისეთი ელემენტებისგან, რომელსაც ადამიანი ვერ აღიქვამს. მაგრამ ის, თუ როგორ კლასიფიცირდებიან ეს ელემენტები, დიდ გავლენას ახდენს იმაზე, როგორ აღიქვამენ მეცნიერები ფიზიკურ სამყაროს. ასევეა ადამიანის შემთხვევაშიც. ადამიანი თავისი აზრის მეოხებით ახდენს ინფორმაციის სტრუქტურირებას, რათა იგი უფრო ზუსტი და გასაგები გახდეს.

კონსპექტი წიგნიდან "კოგნიტური ფსიქოლოგია" ავტ. მარინა კაკიაშვილი

11.16.2011

Welcome

გამარჯობა!

არ ვიცი რამ მოგახვედრათ ამ ბლოგზე, მაგრამ რადგან რაღაც მიზეზის გამო მოხვდით, მოკლედ აგიხსნით, რას ემსახურება ეს ბლოგი.

ეს ბლოგი მემსახურება მე :D ეს არ არის ტიპური ბლოგი, ესაა უბრალოდ ჩემი ელექტრონული რვეული, უფრო ზუსტად, სამუშაო წიგნაკი. წიგნაკი, რომელსაც ყრდაც მე შევუქმენი, რომელშიც რამდენ განყოფილებასაც მინდა იმდენს გამოვყოფ, რამდენსაც მინდა დავწერ და ფურცლები არ გამომელევა. ძირითადი თემა იქნება ფსიქოლოგია, რადგან ეს ჩემი წიგნაკი ფსიქოლოგიის კურსის უკეთ დასამუშავებლად დამჭირდა და ამისთვის შევქმენი.

ასე რომ, დიდი ალბათობით თქვენ ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანი ბრძანდებით, რაიმე კონკრეტულ  თემასთან დაკავშირებით მეტის გაგება მოისურვეთ, ჩაწერეთ google search-ში და ერთ-ერთი ინფორმაციის წყაროდ ჩვენმა მეგობარმა გუგლმა ჩემი ბლოგი შემოგთავაზათ :D გამიხარდება, თუ ჩემი წინგაკი ვინმეს რამეში დაგეხმარებათ :)