12.15.2012

კატატონიური შიზოფრენია


http://www.youtube.com/watch?v=zAEJ-Jvndms



ზოგადი განმარტება                                    
კატატონიური შიზოფრენია შიზოფრენიის ერთ-ერთი სახეა, ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს კავშირს რეალობასთან.
კატატონიური შიზოფრენია ხასიათდება როგორც გათიშული, გახევებული მდგომარეობით, ასევე პირიქით, ზედმეტი აღელვებით.  პაციენტი შესაძლოა გამოიყურებიდეს როგორც კომაში მყოფი- რომელსაც არ შეუძლია მოძრაობა და ლაპარაკი, ან ის შეიძლება ლაპარაკობდეს გაცხარებულად, ჰიპერაქტიურად. შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ერთ-ერთი ტიპი ან ეს ორივე უკიდურესი ფორმა იქნეს გამოვლენილი. კატატონიური გახევევისას მიუხდავად იმისა, რომ პაციენტი არ რეაგირებს გარემო სტიმულებზე, შესაძლოა ის საქმის კურსში იყოს თუ რა ხდება მის გარშემო და შესაძლოა მან საპასუხო რეაქციებიც კი განახორციელოს თვეების შემდეგ. კატატონიური აღელვებული მდგომარეობისას კი პაციენტი უაღესად ანერვიულებული და დესტრუქციულია, ის ამტვრევს ავეჯს, ტირის, თავს ესხმის გარშემომყოფებს ან იზიანებს საკუთარ თავს. მოტორულ სიმბტომებთან ერთად, კატატონიურ შიზოფრენიას ახასიათებს ტიპიური შიზოფრენიული ფიქრები და აფექტის მდგომარეობა. არ აქვს მნიშვნელობა, აღელვებულია იგი თუ გათიშული, ამ დროს იგი განიცდის ცოცხალ ფანტაზიებს, შიშებს და ჰალუცინაციებს. მას აქვს დელუზიები, ზოგჯერ მსოფლიო მნიშვნელობის, მაგალითად: „თუ გავინძრევი მსოფლიო დაიქცევა.“
შიზოფრენიის მკურნალობის გაუმჯობესების დამსახურებით, დღესდღეობით, კატატონიური შიზოფრენიის შემთხვევები ძალიან მცირეა. ფაქტიურად, კატატონიური მდგომარეობა უფრო მეტად სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან- როგორც ფსიქიკურ ისე მენტალურ პრობლემებთან ერთად ვლინდება. ეფექტური მკურნალობის შემთხვევაში, კატატონიური შიზოფრენიის სიმბტომებთან მეტ-ნაკლებად გამკლავება შესაძლებელია.

კატატონიური შიზოფრენიის ნიშნები და სიმპტომები

კატატონიური შიზოფრენიის ნიშნები და სიმპტომები იყოფა რამოდენიმე კატეგორიად:
ფიზიკური უძრაობა         - პაციენტს შესაძლოა საერთოდ არ შეეძლოს განძრევა ან ლაპარაკი, შეიძლება მიშტერებული იყოს ერთ წერტილს, ტანი ერთ რიგიდულ პოზაში ჰქონდეს გაჩერებული და თითქოს არაფერი გაეგებოდეს თუ რა ხდება მის ირგვლივ. ასევე შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს „სანთლისებური მოქნილობა“ (waxy flexibity) ანუ მაგალითად თუ მის ხელს აწევთ ზევით ასე დარჩება რამოდენიმე საათის განმავლობაში.
გადაჭარბებული მოძრაობა. განსხვავებით უძრაობისაგან, პაციენტი შეიძლება მოძრაობდეს აღგზნებულად, მიზეზის გარეშე. მან შეიძლება შეშლილივით იაროს, მიიღოს წრის ფორმა ან ხმამაღლა იყვიროს.
უკიდურესი წინააღმდეგობა - პაციენტი შესაძლოა არ პასუხობდეს ინსტრუქციებს, შეიძლება შეეწინააღმდეგოს ყველანაირ მცდელობას სხვებისა რომ გაინძრეს და საერთოდ არ ილაპარაკოს
უცნაური მოძრაობები. პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს უჩვეულო პოზები, იჯღანებოდეს დიდი ხნის მანძილზე ან ჰქონდეს უცნაური მანერები. მან შეიზლება მექანიკურად გაიმეოროს კონკრეტული ქცევები (სტერეოტიპული ქცევები), მაგალითად გაიმეოროს სიტყვები, ობსცესიურად მიყვეს რუტინას ან დადოს საგნები ყოველთვის ზიუსტად ერთსა და იმავე ადგილას ერთნაირად.
მიმიკური ლაპარაკი ან მოძრაობა. პაციენტმა შეიძლება აიკვიატოს და იმეოროს სიტყვა რომელიც ვიღაცამ თქვა (ექოლალია) ან აიკვიატოს ჟესტი ან მოძრაობა ასევე ვიღაცის გაკეთებული (ექოპრაქსია).
ასევე ადამიანი შეძლება გარეგნულად სრულიად უემოციოდ გამოიყურებოდეს და სინამდვილეში უზომოდ აღელვებული იყოს.

სხვა ნიშნები და სიმპტომები
(რომლებიც საერთოა შიზოფრენიის ყველა ტიპისთვის):

·         რწმენა რაიმე არარსებულის შესახებ (დელუზიები)
·         ნახვა ან გაგონება არარსებული საგნების და ხმების (ჰალუცინაციები)
·         ინკოჰერენტული საუბარი
·         ჰიგიენის უგულვებელჰოფა
·         ემოციების გამოაშკარავების ნაკლებობა
·         სიტუაციასთან შეუსაბამო ემოციები
·         სიბრაზის აფეთქებები
·         სკოლაში ან სამსახურში ნორმალური ფუნქციონირების პრობლემა
·         სოციალური იზოლაცია
·         ტლანქი, არაკოორდინირებული მოძრაობები
კატატონიური ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ 1 დღე და 30 დღეზე მეტიც თუ არ ვუმკურნალებთ.


გამომწვევი მიზეზები
კატატონიური შიზოფრენია, ისევე როგორც შიზოფრენიის სხვა ტიპები, ტვინის აშლილობაა. გენეტიკა და გარემო ორივე თამაშობს როლს მის გამოწვევაში. კატატონია ძირითადად სხვა პრობლემებთან ერთად გვხვდება. კატატონიამდე შეიძლება მიგვიყვანოს სხვადასხვა გუნება-განწყობილების აშლილობებმა, როგორიცაა დეპრესია და ბიპოლარული აშლილობა და სამედიცინო შემთხვევები რომლებიც მოქმედებს ცენტრალ ნერვულ სისტემაზე. დაზუსტებით ექიმები ვერ ამბობენ, თუ რატომ უვითარდებათ ადამიანებს მაინცდამაიინც კატატონიური სახე შიზოფრენიისა, თუმცა ლაპარაკობენ ფაქტორებზე, რომლებიც ზრდიან კატატონიური შიზოფრენიის განვითარების რისკს, ესენია:
·         შიზოფრენიით დაავადებული ოჯახის წევრის ყოლა
·         საშვილოსნოში ყოფნისას ვირუსის გამომჟღავნება
·         საშვილოსნოში ყოფნისას საკვების ნაკლებობა
·         სტრესული ცხოვრებისეული სიტუაციები
·         მამის დიდი ასაკი
·         ფსიქოტროპული წამლების მიღება ახალგაზრდობისას
შიზოფრენიის ნიშნები და სიმბტომები ძირითადად აღმოცენდება თინეიჯერობის ასაკიდან 30-იან წლებამდე.
მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში პრობლემები შეექმნება ადამიანს ყველა სფეროში და ყველა სიტუაციაში.


გართულებები
·         სუიციდური აზრები და ქცევები
·         საკუთარი თავის მიმართ დესტრუქციული ქცევები
·         კვების შეზღუდვა
·         ყოველდღიური აქტივობების განხორციელების შეუძლებლობა - ბანაობა, ჩაცმა, საკვების მომზადება...
·         დეპრესია
·         ალკოჰოლზე ან წამალზე დამოკიდებულება
·         სიღარიბე
·         უსახლკარობა
·         ოჯახში კომფლიქტები
·         მუშაობის ან სწავლის უუნარობა

იმისათვის, რომ ვიღაცას კატატონიური შიზოფრენია დაუდგინდეს, საჭიროა სხვადასხვა სახის ტესტის და გამოცდის ჩატარება, ესენია:

ფიზიკური შემოწმება - სიმაღლის და წონის გაზომვა, გულისცემის, ფილტევის შემოწმება, ტემპერატურის შემოწმება და ა.შ.
ლაბორატორიული ტესტი - იგულისხმება სისხლის საერთო ანალიზი (CBC), ალკოჰოლის და კარკოტიკის სკრინინგი და ფარისებრი ჯირკვლების შემოწმება.
ფსიქოლოგიური გამოკვლევა - ფსიქოლოგი ელაპარაკება პაციენტს თავისი გრძნობების, ფიქრების შესახებ (თუ არის შესაძლებელი), ახსენებინებს მნიშვნელოვან ფაქტებს მისი ცხორებიდან და მასთან ერთად განიხილავს საინტერესო ეპიზოდებს. თუ პაციენტი არ მოძრაობს და არ ლაპარაკობს თერაპევტი შეამოწმებს მის კატატონიურ სიმპტომებს.


მკურნალობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კატატონიური შიზოფრენია ქრონიკული დაავადებაა, თუმცა შესაძლოა მისი გამოვლინებების შემსუბუქება და უკეთესი ცხოვრებით ცხოვრება. ძირითადი მკურნალობა კატატონიური შიზოფრენიით დაავადებულთათვის არის შემდეგი:
·         მედიკამენტები
·         ელექტროშოკური თერაპია (ETC) - პროცედურა, როდესაც ელექტრულ დენს უშვებენ ტვინის სპეციფიკურ უბანში, რაც იწვევს ტვინის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებას და თავიდან იცილებს გარკვეული დაავადებების სიმბტომების გამოვლენას. შოკური თერაპია მედიკამენტებთან ერთად პირდაპირი და ძირითადი მკურნალობაა კატატონიური შიზოფრენიისა.
·         ჰოსპიტალიზაცია - კრიზისულ პერიოდებში პაციენტებისთვის უკეთესია საავადმყოფოში მოთავსება, რათა დაზღვეული იყოს იმისგან, რომ ავნოს ვინმე ან საკუთარ თავს დაუშავოს რამე. იქ უვლიან, აჭმევენ და ჰიგიენაზეც ზრუნავენ.
·         ფსიქოთერაპია - ფსიქოთერაპია გულისხმობს თერაპევტის დახმარებას და თერაპია შეიძლება ორი სახის იყოს : ინდივიდუალური და ოჯახური. ინდივიდუალური თერაპიისას თერაპევტი პაციენტს ეხმარება სტრესის დაძლევაში, საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაში და ეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაშ ნორმალურ ფუნქციონირებაში. ასევე იმ სტიგმის დაძლევაში, რომელშიც იმყოფება შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი. ოჯახური თერაპიისას კი თერაპევტი ეხმარება ოჯახის წევრებს და პაციენტს დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია ერთმანეთში და უკეთ გაუგონ ერთმანეთს. ასევე თერაპევტი ეხმარება სხვა ოჯახის წევრებს პაციენტის გამო გამოწვეული დისტრესის დაძლევაში.
·         პროფესიული უნარების განვითარება - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კატატონიურ შიზოფრეიასთან ბრძოლისას. თერაპევტის დახმარებით შესაძლებელია ავადმყოფს დავასწავლოთ ჰიგიენის დაცვა, საჭმლის მომზადება და განვუვითაროთ უკეთესი კომუნიკაციური უნარები.
თეორიულად არსებობს კატატონიურ შიზოფრენიასთან ბრძოლის ბევრი საშუალება, თუმცა ამ შემთხვევაშ გასათვალისწინებელია ისიც, რომ პაციენტი უნდა ემორჩილებოდეს ექიმის რჩევებს და მითითებებს და უნდა ასრულებდეს რასაც სთხოვენ, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. არის პერიოდები, როცა ავადმყოფები მიიჩნევენ, რომ მათ არანაირი დახმარება არ სჭირდებათ და შესაბამისად აუარესებენ მდგომარეობას...
კატატონიური შიზოფრენიისაგან თავის დაცვის მექანიზმები შემუშავეული არაა, თუმცა მიჩნეულია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა მით უფრო დიდი შანსია რომ ის ეფექტური იყოს.


კონკრეტული შემთხვევის ანალიზი

ახლა კი იმისათვის, რომ შედარებით უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ რას ნიშნავს ეს დაავადება და როგორ გრძნობენ თავს კატატონიური  შიზოფრენიის დიაგნოზის მატარებელი ადამიანები, განვიხილოთ შემთხვევა, რომლის გმირიც გაცილებით მაღალი სოციოეკონომიკური და განათლების დონით ხასიათდებოდა ვიდრე ეს ზოგადად კატატონიური შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ. სწორედ მისი ინტელექტისა და განათლების დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომ მის თერაპევტს არიეტის (Arieti) ამომწურავი ინფორმაცია მოეწოდებინა მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ.
30 წლის ინტელიგენტი პროფესიონალი ჯონი, კათოლიკე,  თერაპევთტან მტანჯველი მღელვარების გამო მივიდა, მღელვარების, რომელმაც გაახსენა 10 წლის წინ განცდილი მღელვარება, როცა მას გამოუვლინდა კატატონიური ეპიზოდი. იმ იმედით, რომ როგორმე თავს დააღწევდა ამ დაავადებას, ის ეძებდა მკურნალობის გზებს. ახლა კი წარმოგიდგენთ ჯონის მოკლე ისტორიას აღწერილს და ინტერპრეტირებულს მისი თერაპევტის მიერ.
პაციენტი ოთხშვილიანი ოჯახის წევრია. მამას აღწერს როგორც ცუდ ქმარს, თავგადასავლების მაძებელს, რომელიც ყოველთვის ახერხებდა დაძაბულობა და პრობლემები შეექმნა ოჯახში. დედა რაღაცნაირად არაადეკვატური პერსონაა, არ ქონია ახლო ურთიერთობა პაციენტთან. ჯონი ძირითადად დეიდამ გაზარდა, რომელიც ჯონის ოჯახში ცხოვრობდა და მოსამსახურის როლი ჰქონდა შეთავსებული.
ადრეული ბავშვობის მოგონებები ჯონისთვის ძირითადად არასასიამოვნოა. ის განიცდის ბრაზის შემოტევებს ბავშვობის გახსენებისას. მას ახსოვს როგორ უნდოდა ჩაბღაუჭებოდა დეიდას და როგორი მტკივნეული იყო ყოველთვის მასთან განშორება. დეიდას ჩვევად ჰქონდა ჯონის თანდასწრებით ტანისამოსის გამოცვლა, რაც ჯონს შერეულ გრძნობებს უღძრავდა: როგორც სექსუალური გატაცების, ამავდროულად დანაშაულისაც. დაახლოებით 9-10 წლის ასაკში მას ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მის საუკეთესო მეგობართან. ჯონს ახსენდება მისი ლტოლვა შიშველი ქალების სურათებისკენ პრეპუბერტატის პერიოდში და ახსენდება ჩუმად რომ იპარავდა ხოლმე პორნოგრაფიულ გაზეთებს მამამისის კოლექციიდან. ამასთან ჰომოსექსუალური ლტოლვებიც აღმოცენდებოდა ხოლმე შემთხვევით. ასევე უცნაური , ინტერესი ჰქონდა ცხოველების განავლების მიმართ, განსაკუთრებით კი ცხენების...
მიუხედავად ამ ფაქტორებისა, ჯონმა მოახერხა, რომ მეტნაკლებად ადექკვატური გაზრდილიყო. დეიდის გარდაცვალებას მასში განსაკუთრებული სტრესი არ გამოუწვევია და მშვენივრად სწავლობდა სკოლაში. მის ცხოვრებაში გოგონებთან შეხვედრები კარგა ხნის მანძილზე არ ყოფილა. პუბერტატის პერიოდის შემდეგ  ჯონი დაინტერესდა რელიგიით, განსაკუთრებით იმ მიზნით, რომ ეპოვნა რაიმე მეთოდი მისი სექსუალური იმპულსების გასაკონტროლებლად. ყველაფერი რაც სექსს უკავშირდებოდა იყო ეშმაკისეული და უნდა ყოფილიყო აღკვეთილი. მისი ეს შეხედულება განსხვავდებოდა მისი დების შეხედულებისგან, რომლებიც უწესო ცხოვრებას მისდევდნენ. ჯონმა რამოდენიმეჯერ დააპირა ბერად აღკვეცილიყო, მაგრამ მისმა  მღვდელმა არ ურჩია ამ ნაბიჯის გადადგმა. როდესაც მან კოლეჯში სწავლა დაამთავრა 20 წლის ასაკში, მან გადაწყვიტა რომ სექსი მთლიანად უნდა ამოეღო მისი ცხოვრებიდან. მან ასევე გადაწყვიტა, ზაფხულის არდადეგებზე ფერმაში წასულიყო დასასვენებლად - ბანაკში ახალგაზრდა მამაკაცებისთვის სადაც მას შეეძლო დაეჩეხა ხეები და დამტკბარიყო ბუნებით, ქალაქის ცდუნებებისგან შორს. მაგრამ ამ ფერმაში იგი მალე გახდა დეპრესიული და აღელვებული. მას ეგონა, რომ ის დანარჩენ ბიჭებს უფრო და უფრო აღიზიანებდა და აბრაზებდა. ისინი უხეში ბიჭები იყვნენ. ისინი იყენებდნენ უხამს სიტყვებს საუბრისას. ჯონი თავს ისე გრძნობდა, თითქოს ნაწილებად იშლებოდა. იგი იხსენებდა,  რომ ერთ ღამეს საკუთარ თავს ეუბნებოდა „მე მეტის ატანა აღარ შემიძლია, რატომ ვარ ასეთი შეშინებული მიზეზის გარეშე? მე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია ცხოვრებაში, შესაძლოა მღვდელი უნდა გავმხდარიყავი, ან ცოლი მომეყვანა.“ როცა ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, თავს იმაზე ფიქრით იმშვიდებდა, რომ, შესაძლოა, ეს იყო ღვთისგან მოვლენილი განსაცდელი, რომლისთვისაც უნდა გაეძლო.
ობსცესიები და კომპულსიები ნელ-ნელა უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა. დაბანაკებულებს შეშა უნდა დაეჩეხათ, ეს საქმიანობა კი ჯონისთვის ტანჯვად იქცა, რადგან ის შეშლილი იყო ეჭვებისგან. მას უცნაური ფიქრები აწუხებდა, როგორიცაა მაგალითად „იქნებ ეს ხე არ უნდა მოვჭრა, რადგან ის ასეთი პატარაა, მომავალ წელს ბევრად დიდი იქნება. მაგრამ მე თუ არ მოვჭრი ვინმე სხვა მოჭრის, იქნებ ჯობია ისევ მე მოვჭრა?“  ეს იყო დაუსრულებელი შიში და ეს შიში ნელ-ნელა გადაიზარდა ყველაფერზე, ნებისმიერ მოძრაობაზე რომელსაც ის აკეთებდა. ერთ დღეს, როცა ის ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო, მან კიდევ ერთი უცნაური ფენომენი აღმოაჩინა, რომლის ახსნაც არ შეეძლო. დიდი განსვლა იყო მის მოქმედებებში: თუ რას აკეთებდა ჯონი და რისი გაკეთება უნდოდა რეალურად. მაგალითად, როცა მას უნდოდა ფეხსაცმლის გადადება ერთი ადგილიდან მეორეზე, ხის მორს გადააგორებდა, თუმცა იყო რაღაც მსგავსება იმ ქცევებს შორის, რაც უნდოდა და რასაც აკეთებდა.იგივე ფენომენი აღმოცენდა ლაპარაკშიც. მას წამოსცდებოდა ხოლმე სიტყვები, რომლის თქმასაც არ აპირებდა, მაგრამ რაღაცით დაკავშრებული იყო იმ სიტყვასთან, რომლის თქმაც უნდოდა.  მაგრამ მოგვიანებით ეს ქცევები უფრო და უფრო კარგავდა კავშირს. ჯონი საღ  გონებაზე იყო, ყველაფერს აცნობიერებდა, მაგრამ გრძნობდა, რომ კარგავდა კონტროლს საკუთარ ქცევებზე. იგი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო კრიმინალური დანაშაულიც კი ჩაედინა, კაცის მოკვლაც კი შეეძლო და ამ ფიქრებმა კიდევ უფრო ააღელვა. ის ეუბნებოდა საკუთარ თავს „არ მინდა რომ დაწყევლილი ვიყო ამქვეყნად და არც იმქვეყნად. მე ვცდილობ რომ კარგი ვიყო, მაგრამ არ შემიძლია. ეს უსამართლობაა. მე შეიძლება მოვკლა ვიღაც, როცა მენდომება პურის ნაჭერი.“ იყო პერიოდები, როცა მას სხვანაირი გრძნობები ეუფლებოდა. მაგალითად ის გრძნობდა, რომ თუ ის რაღაც მოძრაობას გააკეთებდა, კატასტროფა მოხდებოდა არა მარტო მისთვის, არამედ მთელი ბანაკისთვის. უძრაობით ის იცავდა მთელს ჯგუფს.
ეს შიში მალე გადაიზარდა ყველა მოძრაობაზე რომელსაც ის აკეთებდა. შიში იმდენად ძლიერი იყო, რომ მართლაც ახერხებდა მოძრაობების შეჩერებას. ის გაქვავდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.მისი სიტყვებით რომ ვთქვათ ხედავდა მის თავს გამაგრებულს, ქანდაკების პოზაში. თუმცა ის ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში არ იყო. მეორე დღეს, შეიძლებოდა, ჩვეულებრივად წასულიყო და ხეები დაეჩეხა.  მას მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში: როგორმე მოეკლა თავი. იმ პერიოდში მას კარგად შეეძლო განესაზღვრა რა იყო იმ მომენტში მისთვის უკეთესი და რომ ერჩივნა თავი მოეკლა, ვიდრე სხვისთვის არ დაეშავებინა რამე უნებლიედ. თავის მოკვლის მიზნით, ჯონი მაღალი ხის კენწეროზე აცოცდა და იქიდან გადმოხტა, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. კაცი, რომელმაც მის დასახმარებლად მიირბინა ხვდებოდა, რომ ის ფსიქიკურად ავადმყოფი იყო და მალე ჯონი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააგზავნეს. საავადმყოფოში მან აღმოაჩინა, რომ მოძრაობა აღარ შეეძლო, ის ქვის ქანდაკებას დაემსგავსა.
თუმცა, სრული უძრაობის გარდა, იყო რაღაც ქცევები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თვითმკვლელობისთვის სჭირდებოდა პაციენტს. ის დარწმუნებული იყო რომ უნდა მომკვდარიყო, რათა განთავისუფლებულიყო საშნელი დანაშაულის ჩადენისგან.
მისი საავადმყოფოში ყოფნისას ჯონმა 71-ჯერ სცადა თვითმკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ის კატატონიურ მდგომარეობაში იყო, უცბად იმპულსურ ქცევებს ახორციელებდა, მაგალითად ხევდა ჟაკეტს და მისგან აკეთებდა თოკს თავის ჩამოსახრჩობად. ერთხელ თეფში გატეხა რომ იმ ნატეხით ვენები გადაეჭრა, ზოგჯერ ქვებს ყლაპავდა. ყოველი სუიციდური აქტის შემდეგ მას აბამდნენ . ის იხსენებს, რომ მაშინ მას ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს აცნობიერებდა.
არიეტი ამბობს, რომ როცა მან კითხა ჯონს უფრო დეტალურად ამ სუიციდური აქტების შესახებ, ჯონმა აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი მცდელობები იყო პირველი 10-12, მხოლოდ ამ მცდელობებს შეეძლოთ მართლა მოეკლათ ის, შემდეგი სუიციდური მცდელობები კი არ იყო მაინცდამაინც საშიში. როცა არიეტმა ჰკითხა მას, თუ რაში სჭირდებოდა ამ სუიცური აქტების მცდელობების გამეორება, მან ორი მიზეზი დაუსახელა. ერთი ის იყო, რომ ამ მცდელობებით ის იმცირებდა დანაშაულის გრძნობას და ასრულებდა მის მოვალეობას დანაშაულის ჩადენისაგან თავის ასაცილებლად. მეორე მიზეზი, კი რომელიც მან მკურნალობისას აღმოაჩინა, კიდევ უფრო უცნაურია. სუიციდის მცდელობა იყო ერთადერთი გზა, რომ ის განძრეულიყო და რაიმე გაეკეთებინა, ანუ მისთვის სუიციდის მცდელობა ნიშნავდა ცხოვრებას, ერთადერთ აქტივობას, რომლის განხორციელებაც მას შეეძლო.
პაციენტს ჩაუტარდა ელექტროშოკით მკურნალობის კურსი. 2 კვირა უკეთ იყო, მაგრამ შემდეგ დაუბრუნდა ისევ კატატონიურ უძრაობას, რომელიც ისევ და ისევ სუიციდის მცდელობებით თუ შეწყდებოდა ხოლმე. ჯონს ახსოვს, როგორ ეუბნებოდა ახალგაზრდა ფსიქიატრი ექთანს როცა ის გაშეშებული იყო „საწყალი ბიჭი, ასეთი ახაგზარდაა და ავადმყოფი. ის ასეთი დარჩება ცხოვრების ბოლომდე.“ 5 ან 6 თვის შემდეგ მისი ჰოსპიტალიზაციიდან, მისი კატატონიური მდგომარეობა უფრო და უფრო ნაკლებად რიგიდული გახდა და მას შეეძლო სიარული და რაღაც დონეზე ლაპარაკიც. ამ დროს მან შეამჩნია რომ ახალი ექიმი დაინტერესებული იყო მისით. ერთ დღეს ამ ექიმმა უთხრა ჯონს: „შენ თავის მოკვლა გინდა.  არის კიდევ რამე რაც გინდა ამ ცხოვრებაში?“ პაციენტმა კი რაღაც დიდი ძალით უპასუხა: „ჭამა!“ ის მართლაც მშიერი იყო, რადგან მისი უძრაობა ჭამაშიც ხელს უშლიდა. ექიმმა ის პაციენტების კაფეტერიაში წაიყვანა და უთხრა „შეგიძლია ჭამო რაც გინდა“ ჯონი მაშინვე ეცა საჭმელს და ჭამდა ყველაფერს დამშეულივით. ამ დღიდან მოყოლებული, ჯონი ცხოვრობდა მხოლოდ იმ მიზნით რომ ეჭამა. მან მოიმატა დაახლოებით 60 ფუნტი რამოდენიმე კვირაში. როცა ექიმმა კითხა იყო თუ არა შიმშილი მისი ამდენი ჭამის მიზეზი მან უპასუხა: „არა, ეს მხოლოდ დასაწყისში იყო მიზეზი. ახლა კი მთელი სიამოვნება  საჭმლის აღება და მისი პირში ჩაყრაა, თვითონ ჭამის პროცესი კი არ  მანიჭებს სიამოვნებას.“
ჯონმა გააგრძელა გამოკეთება და რამოდენიმე თვეში დატოვა საავადმყოფო. მან შეძლო ჯერ მორგებოდა გარემოს, ემუშავა და მოგვიანებით წასულიყო პროფესიონალურ სკოლაში „Ph.D.” ხარისხის მისაღებად. საერთო ჯამში, ჯონმა მოახერხა მდგომარეობიდან გამოსვლა საკმაოდ კარგად მანამ, სანამ მეორედ მიაკითხავდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოს.
ჯონის ისტორიაზე დაყრდნობით  არიეტის  კომენტარი შემდეგნაირია:
ცხადია, ჯონმა გადაიტანა ნერვიულობის ძალიან ძლიერი დოზა როცა წავიდა ბანაკში სადაც იგი განიცდიდა ჰომოსექსუალურ სტიმულაციას. მისი ადრეული ინტერპერსონალური ურთიერთობების გამო ის თავს გრძნობდა არასტაბილურად და დაუცველად და ამან ის მოწყვლადი გახადა ბევრი სახის შფოთვისადმი.ეს შფოთვა  აკავებდა მისი სექსუალური მიდრეკილებების გამოღვიძებას. მისმა პიროვნულმა აკრძალვებმა და კულტურულ-რელიგიურმა ფონმა გააუარესა სიტუაცია. ჯონი საღ გონებაზე იყო, მას არ ჰქონდა არანაირი დარღვევა თავისი სოციალური სელფის აღქმასთან დაკავშირებით, მისი სინდისიც და სუპერეგოც ნორმალურად ფუნქციონირებდა,  მას არ შეეძლო წასულიყო მისი კულტურულ-რელიგიური შეხედულებების წინააღმდეგ როგორც ეს მისმა  მამამ და დამ გააკეთეს (მამა ყველა ქალს ეფლირტავებოდა, და კი უწესო ცხოვრებას მისდევდა). სექსი ეშმაკისეული იყო მისთვის და ჰომოსექსუალობა კიდევ უარესი. ამიტომ ჰომოსექსუალურ ფიქრებს გაცნობიერების საშუალებასაც არ აძლევდა.
როდესაც ჯონი მთლიანად მოიცვა შფოთვამ და აღელვებამ. თავიდან მან მიმართა იმ გზებს, რომელიც ხშირია პრეკატატონიური მდგომარეობისას. მან თავშესაფარი იპოვნა რელიგიურ გრძნობებში. ღმერთმა და რელიგიამ მისცა მას ბრძანება რომ აღეკვეთა სექსი მისი ცხოვრებიდან და აღკვეცილიყო ბერად. ეს შეიძლება ავტოჰიპნოზის ფორმად ჩავთვალოთ, მაგრამ ჰიპნოზი და ავტოჰიპნოზი კარგად არ მოქმედებს კატატონიკებზე. შემდეგ მან მიმართა ობსცესიურ-კომპულსურ მექანიზმებს. ის შფოთვა რომელიც თავიდან სექსუალურ გრძნობებთან იყო დაკავშრებული მალე გავრცელდა ყველა მის მოქმედებაზე. ყველა მოძრაობა გახდა დატვირთული პასუხისმგებლობის გრძნობით. ყველა მოძრაობამ შეიძინა არა ფუნქციონალური, არამედ მორალური მნიშვნელობა, ისინი ფაქტები კი არა ძალა გახდა. ეს პრიმიტიული გენერალიზება მისი პასუხისმგებლობისა მალე გადაიზარდა იმაზე ფიქრებში, თუ რისი მოტანა შეეძლო მას მთელი ბანაკშ მყოფი საზოგადოებისთვის. მისი მოძრაობა უკვე მხოლოდ მასზე კი არ იმოქმედებდა, მთელ ბანაკს გაანადგურებდა. მისი გრძნობები მსგავსია იმ კოსმიური ძალების ან ნეგატიური ყოვლისშემძლეობის განცდისა, რომელიც ახასიათებთ სხვა კატატონიკებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი გამოძრავება გამოიწვევს ქვეყნიერების განადგურებას.
იმისათვის, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი დაეცვა, ჯონმა მიმართა ობსესიურ ფიქრებს და კომპულსიებს, როგორიცაა ხეების ჩეხვა. მაგრამ ესეც არ გახდა საკმარისი მისი ღელვის შესამცირებლად. მეტიც, ამან სიტუაცია უფრო უარესი გახადა და გაზარდა სხვა სიმბტომები. პირველი ეს იყო უკუკავშირი იმ ქცევებს შორის, რომელსაც ჯონი ახორციელებდა და რომლის განხორციელებაც მას სინამდვილეში უნდოდა, მაგრამ ხაზგასასმელი და საინტერესოა, რომ ეს ქცევები თავიდან თითქოს ანალოგიური იყო. მაგალითად, ფეხსაცმლის გადადება და მორის გადადება ანალოგიური მოქმედებაა. ისინი მის ფსიქიკაში იდენტიფიცირებულნი იყვნენ იმიტომ, რომ ჰქონდათ რაღაც საერთო...
კატატონიური აღელვება შეიძლება ორი ფაქტის გამო იყოს გამოწვეული. ზოგიერთ შემთვევაში პაციენტი გრძნობს, რომ ის იძირება გახევებულ მდგომარეობაში, რადგან მას ეშინია მოძრაობის და ცდილობს თავიდან აირიდოს ეს მდგომარეობა ზეაქტიურობით და იძირება  უმიზნო, უაზრო ქცევების მორევში. სხვა შემთხვევებში პირიქით ხდება. პაციენტი მოქმედებს, მაგრამ ეს მოქმედება საერთოდ არ უკავშირდება იმას, რისი გაკეთებაც მას მართლა უნდა და შედეგად მიიღება მოძრაობების და სიტყვების ქაოსი და ამის შედეგად პაციენტს არ აქვსს გამოსავალი გარდა იმისა რომ გადაეშვას უმოძრაობასა და სიჩუმეში.
ბევრ შემთხვევაში პაციენტმა შესაძლოა გადააბიჯოს უძრაობის „პრინციპს“ მორჩილების ნიშნად თუ პაციენტი იპოვნის სპეციალურ ქცევებს რომლის შესრულებაც არ მიიყვანს მას და სხვებს უბედურებამდე.ჯონის შემთხვევაში აუცილებელი იყო ეს ქცევები ყოფილიყო სუიციდის მცდელობები. საინტერესოა, რომ სუიციდური აქტის განხორციელების პროცესი ჯონისთვის იქცა ცხოვრების არსად. შეუძლებელია ჯონის თერაპიული ეფექტების უფრო დეტალურად განხილვა, მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ექიმმა უფლება მისცა ჯონს ეჭამა, რამდენიც მოუნდებოდა და ამგვარად მისი ძირითადი ცხოვრების აზრი - სუიციდის მცდელობები ჩაანაცვლა ჭამამ, ადამიანის ძირითადმა მოთხოვნილებამ...
იმედია ეს მაგალითი დაგეხმარათ უკეთ გაგეგოთ თუ რა არის კატატონიური შიზოფრენია და რა თავისებურებები ახასიათებს მას.
დასკვნა:
კატატონიური შიზოფრენია, როგორც შიზოფრენიის ყველა ტიპი, ქრონიკული დაავადებაა და, სამწუხაროდ, მეცნიერები დღესაც ზუსტად ვერ ამბობენ კონკრეტულ მიზეზებს, თუ რა იწვევს ამ დაავადებას და შესაბამისად ვერც განკურნების გარანტიებს იძლევიან, თუმცა არის მეტ-ნაკლებად სანდო ვარაუდები და წინსვლები ნამდვილად იგრძნობა. თუნდაც ის, რომ კატატონიური შიზოფრენია დღესდღეობით ბევრად იშვიათ მოვლენას წარმოადგენს ვიდრე ეს იყო თუნდაც 40-50 წლის წინათ, მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებაზე მიუთითებს. იმედი ვიქონიოთ, რომ მეცნიერება მალე შეძლებს ამ დაავადების განკურნების გზების მოძიებას.

შეჯამება
განვიხილეთ კატატონიური შიზოფრენიის სიმბტომები, ვნახეთ რა აქვს საერთო და რა განასხვავებს ამ ტიპის შიზოფრენიას სხვა ტიპების შიზოფრენიისგან. განვიხილეთ შესაძლო გამომწვევი მიზეზები, ასევე, თუ რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამ ტიპის შიზოფრენიის განვითარებას. ვნახეთ, რა პროცედურებია საჭირო დიაგნოზის დასასმელად და კატატონიური შიზოფრენიის მკურნალობის რა გზები არსებობს. ბოლოს კი განვიხილეთ კონკრეტული მაგალითი. იმედია, მოვახერხე მეტ-ნაკლებად საკმარისი ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის შიზოფრენიის ამ კონკრეტული ტიპის შესახებ, დიდი მადლობა ყურადღებისათვის!

გამოყენებული ლიტერატურა:


Abnormal Psychology (Rose and Gregory). ©1965

A Psychological Approach To Abnormal Behaviour (LEONARD P. ULLMANN/LEONARD KRANSER) ©1969

Arieti, S. 1961. Volition and Value: a story based on catatonic schizophrenia. Compr. Psychiat. 2:74-82

http://edition.cnn.com/HEALTH/library/catatonic-schizophrenia/DS00863.html